English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
ინოვაციური პერსპექტივა მსხვილი ბიზნესის განვითარების პროცესში

ანოტაცია. ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესის, მისი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განხილულია მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივის ძირითად ელემენტებთან ურთიერთმიმართებასა და სახელმწიფოს ინოვაციურ პოლიტიკასთან ურთიერთკავშირში, ძირითადად გაანალიზებულია ინოვაციების წარმოებისა და გამოყენების, მისი საბაზრო კონკურენტუნარიანობის აქტუალური ასპექტები, რაც საფუძვლად უდევს მსხვილ წარმოებათა ინოვაციური პერსპექტივის გათვალისწინებას. ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემის განვითარებაში იგი ევროინტეგრაციისა და გლობალიზაციის მიზნების მსხვილი ბიზნესის საშუალებით განხორციელებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა, ინოვაცია, უსაფრთხოება, გლობალიზაცია, მსხვილი ბიზნესი. 

შესავალი. თანამედროვე საბაზრო გარდაქმნების ვითარებაში ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოებისათვის აუცილებელ საფუძველს ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და მისი პერსპექტივის გათვალიწინება წარმოადგენს, რაც მსხვილი ბიზნესის საწარმოო და მომსახურების ობიექტების ფუნქციონერებისა და განვითარებისთვის საჭირო წინაპირობად გვესახება. ამიტომ  მსხვილი ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივა საერთაშორისო და ევროინტეგრაციული ურთიერთკავშირების დამყარების ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა .

  ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივის არსებობა საქართველოში განუყრელად უკავშირდება მსხვილ საწარმოო და მომსახურების ობიექტების საწარმოო-ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემების ჩამოყალიბებას და ამ მიზნით ინოვაციების, ცოდნისა და განათლების სიახლეების გამოყენებას მრეწველობით საქმიანობაში.

ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პრობლემა აქტიურად უკავშირდება ბიზნესის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებასა  და მსხვილი მეწარმეობის განვითარების სფეროს გადაწყვეტას, რაც ბიზნესის ინოვაციურობის ამაღლებას უდევს საფუძვლად და სახელმწიფოს ინოვაციური პერსპექტივის ჩამოყალიბების წინაპირობას წარმოადგენს .

ინოვაციური განვითარების პროცესი, როგორც ცნობილია, მოითხოვს ბიზნესის საქმიანობის არეთა გაფართოებას ეკონომიკური და სოციალური სისტემების ფუნქციონირების დროს ტექნოლოგიური და ინფორმაციული საშუალებების გამოყენების გზით, ევროინტეგრაციული და მსხვილი სამეწარმეო ურთიერთკავშირების დამყარებას. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ინოვაციების შექმნაში მონაწილეობა, ასევე ახალი ინოვაციების, მათ შორის საწარმოო და სამომხმარებლო დანიშნულების ტექნიკის წარმოების ათვისება ახალი საწარმოო და მომსახურების სისტემის წარმოქმნა;  იგი მოითხოვს ამ ინოვაციური პროცესების გათვალისწინებისთვის საჭირო პერსპექტიულ მიმართულებათა შემუშავებას. ეკონომიკის, კერძოდ, ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემაში ინოვაციების გამოყენება მისი სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების პერსპექტივის ძირეულ საკითხს წამოადგენს, იგი დამოკიდებულია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების გამოყენების პოტენციურ შესაძლებლობაზე.

ამრიგად მსხვილი ბიზნესის სისტემაში ინოვაციური განვითარების პერსპექტივა წარმოიქმნება:

  1. ევროინტეგრაციული ურთიერთობების გაფართოების საფუძველზე;
  2. ორმაგი დანიშნულების მაღალი ტექნოლოგიების სამრეწველო ბიზნესის განვითარებისთვის გამოყენების პროცესში;
  3. ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნიკის ურთიერთგაცვლის პროცესის გააქტიურების შედეგად;
  4. საკომუნიკაციო და ინფორმაციული ინოვაციებისა და ასევე სატრანსპორტო და სხვა გადასაზიდი სისტემების, ახალი სამრეწველო ბიზნესის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გამოყენებისას;
  5. ინტერნეტისა და უახლესი ელექტრონული ტექნიკის საშუალებათა გამოყენებას ინტეგრაციული ურთიერთკავშირების დასამყარებლად. ამ გზით  ინოვაციური სამეწარმეო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემის წარმოქმნა და მოქმედებაში მოყვანა ბიზნესის საქმიანობის წარმართვისა და მისი ინოვაციური პერსპექტივის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, ამით ბიზნესის გარემოს ჩამოყალიბება ხორციელდება, იგი განაპირობებს ბიზნესის არსებულ სისტემაში მსხვილ წარმოებათა და მომსახურების ობიექტების ამოქმედებას და ფუნქციონირებადი საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესებას, რაც მათი ინოვაციური პერსპექტივის წარმოქმნისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ინოვაციური პოტენციალის რაციონალურად წარმართვა საქართველოში მისი ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. იგი ევროსამეწარმეო ურთიერთკავ­შირების გაფართოების ერთ-ერთ მიზანი არის  და მის საბაზრო ურთიერთობების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას უდევს საფუძვლად: მისი ძირეული საკითხებია :

  1. მსხვილი ბიზნესის ტექნოლოგიური და ტექნიკური საფუძვლების განვითარება;
  2. დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემათა გადაწყვეტა, განათლებისა და მმართველობითი ინოვაციების საშუალებით მათი გლობალიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  3. წარმოებისა და მომსახურების ინოვაციური მეთოდების გამოყენება;
  4. მსხვილი ბიზნესის საწარმოო ობიექტების გარდაქმნა ან ახალის ჩამოყალიბება, ნედლეულის ინოვაციური ტექნოლოგიით გადამუშავების საფუძველზე ახალი პროდუქციის წარმოების ათვისება;
  5. ევრომეწარმეობის განვითარებისათვის აუცილებელი ახალი საპროექტო და საკვალიფიკაციო ბაზის წარმოქმნა, მეწარმეობის მსხვილ სისტემებთან შესაბამისი სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება. ევროინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობას განაპირობებს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და მსხვილი ბიზნესის განვითარება, მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა კი სამრეწველო და მწვანე ბიზნესის განვითარებას უდევს საფუძვლად, რაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს. .

თანამედროვე მსხვილი ბიზნესის ობიექტების ფუნქციონირებას განაპირობებს შესაბამისი ინვესტიციური და ინოვაციური გარემოს საქმიანობა და მათი ურთიერთკავშირი. წარმოებისა და საბაზრო მიზნებთან ბიზნესის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისა და ინტეგრაციული ურთიერთკავშირების დამყარებისათვის საჭირო კონკურენტუნარიანი საბაზრო გარემოს ჩამოყალიბება განაპირობებს პროდუქციასა და ინოვაციურ ტექნიკაზე მოთხოვნის დაძლევას, ამით ახალი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმოშობას და თანამედროვე ვითარებაში ევროსაბაზრო ურთიერთობების გზით მეწარმეობის ახალი დარგების წარმოქმნას.  ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციით მიღებული უარყოფითი შედეგების დაძლევის აუცილებლობისათვის საჭიროა მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივის იმ ელემენტების გააქტიურება, რომლებიც პოლიტიკური ფაქტორების გავლენით წარმოიქმნა. ამიტომ საქართველოს ინოვაციური პერსპექტივა მოითხოვს თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის, ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქციისა და ტექნიკის წარმოებას და შემოზიდვას.  ჯანმრთე­ლობისთვის საჭირო თანამედროვე პროცესმა, რომელიც გამოწვეულია ეპიდემიებისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაცვლით, განაპირობა ინოვაციური პერსპექტივის დაკავშირება სახელმწიფოთა შორის ინტეგრაციული ურთიერთმიმართების გააქტიურების პრობლემასთან.

  ამდენად, ინოვაციების მოზიდვისათვის ინტეგრაციული ურთიერთობების გამოყენება ბიზნესის საქმიანობაში  შემდეგ  გარემოებას  უკავშირდება:

1) მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა დაკავშირებულია თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ათვისების, ინოვაციური სამედიცინო ტექნიკისა და მედიკამენტების წარმოების შესაძლებლობას;

2) სოციალური დაცვის მიზნით მიმართული ინოვაციების ზრდასა და მისი შემოზიდვის გაფართოებას;

3) ცოდნისა და მმართველობითი ინოვაციების წარმოქმნისა და გამოყენების გზით ბიზნესის ორგანიზებულობის ამაღლებას.

  ამ მიმართულებით მსხვილი ბიზნესის ინოვაციური განვითარება საქართველოში განაპირობებს მისი სამეწარმეო სისტემის საქმიანობის გაფართოებასა და საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობათა დამყარებას, რაც თანამედროვე საბაზრო გარდაქმნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

   დასკვნა. გლობალური და ინტეგრაციული გარდაქმნების ვითარებაში საქართველოში ინოვაციური ბიზნესის წარმოქმნა და განვითარება ძირითადად უკავშირდება ევროსაბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციური ტექნიკის, ტექნოლოგიისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენებით და მსხვილი ბიზნესის განვითარებითაა მიღწეული. მსხვილი სამრეწველო კომპლექსების განვითარება მისი ინოვაციური პერსპექტივის წარმოქმნის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ინოვაციური პერსპექტივა უნდა ითვალისწინებდეს მსხვილი ბიზნესის სისტემაში თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, ინოვაციური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებათა, ასევე ინფორმაციული და ელექტრონული ტექნიკის მოზიდვას, მომსახურების დარგებში ინოვაციური ტექნიკის გამოყენებას.

    მსხვილი ბიზნესის განვითარების ინოვაციური პერსპექტივისთვის, მისი სამრეწველო და მომსახურების დარგების საქმიანობის გაფართოებისათვის აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, ტექნოლოგიურ ალიანსებში მონაწილეობა, რაც  ინტეგრაციული საბაზრო ურთიერთობების დამყარების საშუალებას წარმოადგენს თანამედროვე გლობალური გარდაქმნების ვითარებაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ევროკავშირის ინოვაციური სისტემა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი X, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2017.

2. ბერულავა გ. ცუცქირიძე მ. გოგოხია თ., თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება, სამეცნიერო შრომების კრებული ტომი XI, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.  თბილისი, 2018.

3. მენქიუ გრ.  ეკონომიკის პრინციპები,  თბილისი,   ,,დიოგენე’’, 2000.